10 რამ, რასაც ქართველი გოგო ვერ გაპატიებთ

თანამედროვე ქართველი გოგო აბსოლუტურად იგივე სქესია, რაც იტალიელი, ნორვეგიელი ან თუნდაც ბურკინა-ფასოელი, მაგრამ ქართველი ქალი მაინც თავისებური ფენომენია. ალბათ, შეხვედრილხართ უცხოურ საიტებზე სტატიებს, ბლოგ-პოსტებს, სადაც ამა თუ იმ ერის ქალბატონების დამახასიათებელ თვისებებზე წერია, ჩვენც ვცადეთ, გაგვეცა პასუხი კითხვაზე, თუ რას არ გაპატიებთ ქართველი გოგო. ცხადია, ქვემოთ მოყვანილი მაგალითები არ შეიძლება განვაზოგადოთ, თუმცა ამ პუნქტებში აუცილებლად იპოვით იმას, რაც გაგახსენებთ თქვენს გვერდით მყოფ რომელიმე ქართველ გოგოს, რომელსაც ძალიან ხშირად შესაძლოა, ისეთი რამე ეწყინოს, რაც უპირველესად, თვითონვე იცის, რომ საწყენი არაა. მოდით, რამდენიმე მაგალითი ჩამოვწეროთ:

1. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს შეყვარებულს სოციალური ქსელის პაროლის არ გამხელას. უარის შემთხვევაში ტვინში იწყება ოპერაცია კოდური სახელწოდებით – “რაღაცას მიმალავს”, ამ ყველაფრის შედეგად ან ოპერაცია სრულდება (პაროლის თქმით), ან ურთიერთობა.

2. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს გვერდით მდგომ ბიჭს სხვა მანდილოსნისადმი ნათქვამ კომპლიმენტს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ეს კომპლიმენტი მხოლოდ მას ეკუთვნოდა.

3. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს სამარშრუტო ტაქსიში მჯდომ ბიჭს ადგილის არდათმობას. ეს ბიჭი აუცილებლად გახდება განხილვის თემა, მას მიეძღვნება სტატუსი, რომელიც დასრულდება ტექსტით – აუუუ, ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე არ შემიძლია (ვინმე ოხუნჯი მეგობარი მიაწერს – “მერე წადი, გიჭერს ვინმე?!”, სავარაუდოდ, გოგო ამასაც არ აპატიებს ასეთ კომენტარს).

4. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს ღალატს;

5. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს, თუ ის არ მოიწონებს იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელსაც კითხულობს (როგორც წესი, თანამედროვე ქართველ გოგოებს ყოველთვის ისეთი მეგობრები ჰყავთ, ვისაც ერთამენთის ყველაფერი მოსწონთ, ამიტომ სავარაუდოა, რომ ეს წიგნიც მოეწონება);

6. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს ისეთივე დიზაინის სამოსის შეძენას, რომელიც მას უკვე ჰქონდა ნაყიდი. ასეთ დროს ძალიან რთულია მისი დარწმუნება, რომ არჩევანი შემთხვევითი იყო;

7. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს მის გაუფრთხილებლად სხვა მეგობართან ერთად კაფეში წასვლას (ამ დროს ქართველი გოგო ფიქრობს, რომ კაფეში მხოლოდ მას ჭორავენ);

8. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს თუ “გაუბაზრებს” რომ სერიალს და “პროფილს” უყურებს. პრინციპში არც უყურებს, უბრალოდ ყოველთვის ამ პერიოდში უჩნდება თავისუფალი დრო და ეგ თემაა, რა… (“თემა” თანამედროვეობის აუცილებელი სიტყვაა, რომლის გარეშე დიალოგი არ შედგება);

9. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს, თუ ის უცხოეთიდან პირველი სხვას დაურეკავს და იმ სხვას ეტყვის, რომ მშვიდობით ჩავიდა. სხვათა შორის, ქართველ გოგოს ის უფრო აინტერესებს, თავის მეგობარმა სხვა მეგობარს რა ჩამოუტანა, ვიდრე ის, რაც პირადად მას წამოუღო;

10. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს საყვარელ მსახიობზე ან მომღერალზე აუგის თქმას, მიუხდავად იმისა, რომ ერთი წუთით ადრე ეფიცებოდა მარადიულ მეგობრობას.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE

დაგვიტოვე კომენტარი!